Accessibility links

site logo site logo

საქართველომ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი თურქეთსაც შეუცვალა


თურქეთი დაემატა ჩამონათვალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ, თუკი საჰაერო გზით ჩამოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფით პასუხს და საკუთარი ხარჯით PCR-ტესტს გაიკეთებენ ჩამოსვლიდან მესამე დღესაც.

დღემდე ამ ჩამონათვალში იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები.

ამ სიაში თურქეთის დამატების გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ:

„როგორც თავის დროზე განვაცხადეთ, სია ამ ქვეყნების გადაიხედება ხოლმე გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და ასევე, იმ ამოცანებიდან, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას და ჩვენი ამოცანაა, რომ ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და დაიწყოს ნელნელა ამოქოქვა“.

საქართველომ საზღვრის გადაკვეთის წესები 1 თებერვლიდან შეცვალა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად. მათ შორის, საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის, ანუ ორჯერ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს თქვა, რომ საერთაშორისო ავიარეისების მატებას 15 თებერვლიდან ელოდებიან, თუმცა, არა დიდი სიხშირით, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობა ჯერ კიდევ გართულებულია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფეისბუკის გვერდზე 3 თებერვლამდე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენის პირველივე დღიდან, 1 თებერვლიდან მუდმივი რეისები განახლდა კიევი-თბილისი-კიევის და მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებებით.

საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. საერთაშორისო ავიარეისების ეტაპობრივად აღდგენა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. პირველ ეტაპზე განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის რეისები. ნოემბრიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით.

რეგულარული ავიამიმოსვლის შეწყვეტის პერიოდშიც სრულდებოდა სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელავივის ჩარტერული ავიარეისები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG