Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EIU-ს ანგარიში: 2020 წელს მთელ მსოფლიოში დაეცა დემოკრატიის ხარისხი


მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კვლევითი ცენტრის, The Economist Intelligence Unit-ის (EIU) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია.

დემოკრატიის ინდექსი 2020 ანგარიშში მიმოხილულია 165 ქვეყანა და ორი ტერიტორია.

ქვეყნების ინდექსირების საფუძველია ხუთი კატეგორია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება და პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა, სამოქალაქო თავისუფლებები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად დემოკრატიის ხარისხის მიხედვით. ესენია: „სრული დემოკრატია“, „არასრულყოფილი დემოკრატია“, „ჰიბრიდული რეჟიმი“ და „ავტორიტარული რეჟიმი“.

საქართველო რჩება „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფში, მაგრამ წელს მისი რეიტინგი გაუარესდა და ის 91-ე ადგილს იკავებს (შარშან - 89). ათბალიანი კლასიფიკაციით საქართველოს 2020 წელს 5,31 ქულა აქვს (2019-ში - 5,42). აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო შარშანდელივით მე-19 ადგილზეა. უშუალოდ მის წინ არიან მოლდოვა, მონტენეგრო და სომხეთი. საქართველოს მოსდევენ ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყირგიზეთი და რუსეთი. ეს უკანასკნელი „ავტორიტარული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება (მსოფლიო რეიტინგით - 122-ე ადგილი). რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს.

მსოფლიოს მასშტაბით პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და კანადა. ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთი კორეა.

მთლიანობაში 2020 წელს დემოკრატიის ხარისხი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა. 2019 წელთან შედარებით 167-დან 116-მა განიცადა უკუსვლა.

წინსვლა შეინიშნება მხოლოდ 38-ში (22,6%). უცვლელი ვითარებაა 13-ში, ვკითხულობთ The Economist Intelligence Unit-ის წლიურ ანგარიშში.

ეკონომისტის ანგარიში 2006 წლიდან ქვეყნდება ყოველწლიურად. წლევანდელ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა დემოკრატიასა და თავისუფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG