Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი იმედოვნებს, კიბოს დასაძლევად ევროკავშირის გეგმა ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და მასზე პანდემიის გავლენის შესახებ ილაპარაკა. გარდა ამისა, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიბოს დაძლევის შესახებ ევროკავშირის გეგმა ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის.

„ძალიან მოხარული ვარ რომ გიერთდებით დღეს - კიბოს მსოფლიო დღეს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ კიბოს პანევროპული ინიციატივის განხორციელებას", - ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, კიბო უნივერსალური ტვირთია და Covid - 19-ის პანდემიამ ფართომასშტაბიანი გავლენა იქონია კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე.

„მაშინ როცა, ჩვენ ვგლოვობთ Covid - 19-ით გარდაცვლილებს (და აქვე მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი) ჩვენ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ კიბო ჯერ კიდევ სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.

ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ევროპის ქვეყნებში არაერთგვაროვანი შესაძლებლობები გვქონდა კიბოს სერვისებთან მიმართებაში და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა.

როდესაც ვსაუბრობ თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ბავშვთა კიბო ჯერ კიდევ სერიოზული, დასაფიქრებელი საკითხია ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთ პატარა ასაკის ქართველ პაციენტს ჯერ კიდევ უწევს, რომ საზღვარგარეთ ეძებოს კიბოს მკურნალობის გზები, რაც არამარტო ძვირადღირებულია, არამედ ემოციურად მძიმეა მათთვის და მათი ოჯახებისთვის.

სწორედ ამიტომ, მე განვსაზღვრე ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის გზები ჩემს ერთ-ერთ, მაღალი რანგის პრიორიტეტად და გადავწყვიტე, რომ მოვახდინო ბავშვებისთვის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყოვლისმომცველი შესაძლებლობების შექმნის ადვოკატირება აქ, საქართველოში", - აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი იბადება ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში.

„მე ვთვლი, რომ პოლიტიკური „ლიდერშიფი" ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შეხედულება, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საერთო გამოწვევას:

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, მთავრობის და საზოგადოების სრული ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება სისტემური პოლიტიკა - პრევენციიდან პალიაციამდე.

და ამისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უნიკალური გადაჭრის გზები ნამდვილად ერთ-ერთი მიმართულებაა.

კიბოს პანევროპული ინიციატივა შეიძლება უდავოდ მძლავრი ინსტრუმენტი იყოს მეტი თანასწორობის მისაღწევად სრულიად ევროპის მასშტაბით.

მე ასევე ვიმედოვნებ, [და არამარტო ვიმედოვნებ], რომ ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომლის წარდგენა ხდება დღეს ევროკომისიის მიერ - ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ [კიბოს] ამ გეგმის ნაწილი და საქართველო მზადაა ევროპის მთელს რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG