Accessibility links

site logo site logo

მოსკოვში ევროკავშირის დიპლომატებს Sputnik V-ით აცრის უფლება მისცეს


შიდა მიმოწერა, რომელზეც წვდომა მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, მოწმობს, რომ ევროკავშირი მოსკოვში მომუშავე დიპლომატებს უფლებას აძლევს, აიცრან რუსეთში წარმოებული ვაქცინა Sputnik V-ით, თუკი ასე მოისურვებენ. თუმცა ვაქცინა არ დაუმტკიცებია ევროკავშირის მარეგულირებელ უწყებას.

მოსკოვში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წევრის მიერ 3 თებერვალს დაწერილ იმეილში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვაქცინაციის პროცესი გაავრცელოს დიპლომატიურ კორპუსზეც. მასში ვკითხულობთ, რომ „ამის გამო ისინი აგროვებენ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა ან მათი 18 წელს გადაცილებული ოჯახის წევრების მონაცემებს, ვისაც სურს ვაქცინაცია (სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და სამინისტროს სააკრედიტაციო ბარათის ნომერი).“

Sputnik V არსად არ არის ნახსენები იმეილის ტექსტში, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება „არ აკონკრეტებს, რა ვაქცინას იყენებს“ და რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩატარდება ვაქცინაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ დიპლომატიური კორპუსი ინტერესს გამოავლენს.

მაგრამ იმეილში ასევე ნახსენებია: „შტაბბინიდან არ მიგვიღია მყარი გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ თუ არა ადგილობრივი ვაქცინაცია ან ვაქცინები, რომლებიც არ არის EMA-ს მიერ დამტკიცებული, თუკი ასეთები ხელმისაწვდომია.“

დღეისთვის ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) დამტკიცებული აქვს სამი ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna და AstraZeneca.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა წყარომ მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების წარმოადგენლები ევროპელ დიპლომატებს ვაქცინას სთავაზობენ „გიჟებივით, როგორც კი საშუალება ეძლევათ, ყოველ შეხვედრაზე.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG