Accessibility links

site logo site logo

მარგარიტა სიმონიანმა RT-ში მუშაობა შესთავაზა ზელენსკის მიერ დახურული ტელეარხების ჟურნალისტებს


RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი

რუსეთის ტელეარხ RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა სამსახური შესთავაზა ჟურნალისტებს უკრაინული ტელეარხებიდან - „112 Ukraina“-დან, NewsOne-იდან და ZiK-იდან, რომელთა წინააღმდეგ უკრაინამ ხუთწლიანი სანქციები შემოიღო.

„სამსახურს ვთავაზობ უკრაინის ტელეარხების თანამშრომლებს, რომლებიც ეს-ესაა დახურა დემოკრატმა ზელენსკიმ“, დაწერა სიმონიანმა ტვიტერში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ, რომლებსაც ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქცია "სიცოცხლის პლატფორმის" წევრი. თუმცა, უკრაინის მედიის თანახმად, 112 Ukraina, NewsOne-ი და ZIK-ი რეალურად ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაშია, რომელიც არის ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.

თავიანთ განცხადებაში ტელეარხებმა გააკრიტიკეს სანქციები და ხელისუფლების გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად არასასურველ მედიასთან ანგარიშსწორება“ უწოდეს. ვიქტორ მედვედჩუკმა თქვა, რომ „ზელენსკიმ კალმის ერთი მოსმით გაყარა ქუჩაში ტელეარხების ათას ხუთასი ჟურნალისტი და თანამშრომელი.“

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ზელენსკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარემ, სერგეი ტომილენკომ, ასევე საერთაშორისო და ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციებმა, რუსეთმა.

მედვედჩუკთან დაკავშირებული ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მიესალმნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონზი, უკრაინაში აშშ-ის საელჩო, რიგი უკრაინული საზოგადოებრივი ინიციატივებისა, ეროვნული საბჭო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საკითხებში.

სანქციების თაობაზე კიევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ოფისი.

„მაშინ, როცა კანონიერია უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა, რაც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების, ასევე ინფორმაციის მანიპულაციის დაცვისკენ, ეს არ უნდა ხდებოდეს მედიის თავისუფლების ხარჯზე, და უნდა ხდებოდეს ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით,“ ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ევროკავშირის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ კონტაქტი ექნებათ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ამ საკითხის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG