Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლორთქიფანიძე ამბობს რომ ჩვენება მისცა „მიწათმოწყობის ინსტიტუტიდან“ დაკარგული რუკების შესახებ


დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე

პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე მიცემული ჩვენების შემდეგ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა „მიწათმოწყობის ინსტიტუტის“ შესახებ, საიდანაც, როგორც ის აღნიშნავს დაკარგულია უნიკალური რუკები. ჩვენების მიცემამდე ლორთქიფანიძემ ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელთან ზურაბ ბოჭორიშვილთან დაათვალიერა შენობა, სადაც „მიწათმოწყობის ინსტიტუტი“ იყო განთავსებული. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, ბოჭორიშვილი დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხულია.

„2006 წელს, მას შემდეგ, რაც შეიკრა დელიმიტაციის ახალი კომისია და დაენიშნა მას საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელად ბატონი ივერი მელაშვილი, აი ამ პერიოდში იწყება შტურმი „მიწათმოწყობის ინსტიტუტზე", რომელიც 2005 წლიდან არის დაკეტილი და ბალანსიდან ბალანსზე არის გადატანილი ეკონომიკის სამინისტროში. 2006 წლის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროში და ამ პერიოდში მინისტრი გახლავთ დავით კეზერაშვილი, იმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოწვეულნი არიან სხვადასხვა სპეციალისტები და მათ შორის, სამუშაო შეხვედრაზე იძახებენ „მიწათმოწყობის ინსტიტუტის" ყოფილ პროექტის მთავარ ინჟინერს, ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც არის დაკითხული მოცემულ საქმეზე, როგორც მოწმე. მე მინდა ხაზი გავუსვა ზურაბ ბოჭორიშვილის განსაკუთრებულ სამოქალაქო გმირობას, რომელიც მან გამოიჩინა, როდესაც კონკრეტულად დაასახელა ის ფაქტობრივი გარემოებები თუ როდის მოუწია მას თავდაცვის სამინისტროში მისვლა, რა გარემოებაში მოუწია მას იმ სამუშაო შეხვედრაზე და რა მოხდა იქ. იქ იყო ერთადერთი შეკითხვა დასმული - ეძებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სასაზღვრო მონაკვეთის ამსახველ რუკას და ამ რუკასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ინფორმაცია სად ინახებოდა ეს რუკა. ბატონმა ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა, რომ ეს რუკა შესაძლოა ინახებოდა იმ ინსტიტუტში, რომლის სახელწოდებაც არის "მიწათმოწყობის სახელმწიფო ინსტიტუტი". ვინაიდან, იქ ინახებოდა ძალიან ბევრი რუკა და მან იცოდა, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო მსგავსი რუკაც. აბსოლუტურად რაც კი გამოსულა მეოცე საუკუნეში და არამარტო მეოცე საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნეშიც ინახებოდა სწორედ ამ ინსტიტუტში და ეს მიუთითა ზურაბ ბოჭორიშვილმა“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ყოფილი დეპუტატის აღნიშნავს, რომ თვითმხილველების გადმოცემით, ინსტიტუტის შენობიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა სატვირთო მანქანით გაიტანეს კარტოგრაფიული მასალა.

„სად წავიდა ეს მასალები?! დღეის მდგომარეობით ეს რუკები არის განადგურებული იმიტომ, რომ არსად არ არის დაცული, არც საჯარო რეესტრში არ არის დაცული არც სადმე. ჩანს, რომ გარკვეულ მიზნიდან გამომდინარე პირი ან პირთა წრე და შესაძლოა ესენი არიან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დაინტერესებულნი იყვნენ ამაში, რომ მთელი ეს საარქივო უნიკალური მასალა გამქრალიყო, ბუნებრივია, შენობას ცეცხლს ვერ მისცემდნენ და ვერ გაანადგურებდნენ ცეცხლით, გადაწყვიტეს უფრო რაციონალური იქნებოდა, რომ ჩაეყარათ მთელი მასალები მანქანაში და გაეზიდათ იქიდან", - თქვა ლორთქიფანიძემ.

„მიწათმოწყობის ინსტიტუტის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბოჭორიშვილმა ყოფილმა პარლამენტარის „ფეისბუკის“ პირადი გვერდზე გაშვებულ LIVE-ში ილაპარაკა დაკარგული რუკების შესახებ. ის ვარაუდობს, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები.

„ჩვენს ინსტიტუტში პირველ სართულზე ინახებოდა ეს კარტოგრაფიული მასალები და ძირითადი ის აეროფოტოსურათები და პლანშეტები, რითაც მუშაობა უხდებოდა ინჟინერ-ტექნოლოგებს. მაგრამ იყო კიდევ შენობის ნულოვანი სართული ანუ სარდაფი, იქ ინახებოდა უძველესი მასალები, მაზრების დროინდელი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც უნიკალური იყო თავისი სიზუსტით თავისი იმ ხანდაზმულობით. ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა, სოფლებს შორის საზღვრები როცა დგებოდა კოლმეურნეობის დროს. ეს იყო იძულებითი, ნებაყოფლობითი არ იყო და ამ საზღვრების დასადგენად გამოიყენებოდა. მე მაქვს ჩემი პირადი ვარაუდი, რომ აქ აუცილებლად (ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოს ზონებში, სადაც კეთდებოდა მუშაობა) ამის მასალები იყო ამ მაზრისდროინდელ კარტოგრაფიულ მასალაზე და აუცილებლად იქნებოდა იქ დატანილი ის საზღვარი, რაც ამ შემთხვევაში გარეჯის მონასტერს და მის მიმდებარე ტერიტორიას ეხება. თუ რამე ცვლილება საზღვრებს შორის ხდებოდა, ქვეყნებს შორის იყო თუ რაიონებს შორის, აუცილებლად შესწორებები გადიოდა ჩვენს იმ კარტოგრაფიულ მასალებზე, რაც ჩვენს იმ ინსტიტუტში ინახებოდა. დღეს მოხდა ისე, რომ ფაქტის წინაშე ვდგავართ, ინსტიტუტი 2005 წელს გაუქმდა, ნაწილი კარტოგრაფიული მასალების გატანილ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროში, ნაწილი გატანილი იქნა რესპუბლიკის არქივში დასაცავად. უმრავლესობა, ალბათ, დარჩა შენობაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და ვისი განკარგულებით, ვისი დავალებით გაქრა ეს მასალა, განადგურდა თუ სადმეა გადამალული, ნამდვილად ვერ გეტყვით”, – თქვა ბოჭორიშვილმა.

ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა გაიხსენა თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრაც. „ზუსტად თარიღს ვერ დაგიდასტურებთ, 2006- 2007 წლები იქნებოდა, თავდაცვის სამინისტროში დამიბარეს, რომ მიდიოდა საზღვრის დავის გადაწყვეტის ღონისძიებები და კარტოგრაფიულ მასალებზე ამის დატანა ან მოძიება. მათ ჰქონდათ კარტოგრაფიული მასალა დაბეჭდილი ქაღალდზე და ეს არ არის ის მასალა, რომლითაც საზღვარი უნდა დადგინდეს. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენს ინსტიტუტში ინახებოდა უნიკალური მასალები ფოტოგეგმებისა და პლანშეტების სახით და იმ მაზრის დროინდელი რუკები, რომლითაც უფრო ზუსტად და უფრო კონკრეტულად შეიძლებოდა ამ საზღვრების დაზუსტება. წამომყვნენ იქიდან, რა თქმა უნდა, ორი თუ სამი უმაღლესი ჩინის ოფიცრები, მოვედით აღნიშნულ შენობაში, ჩავედი და საცავის კარები დალუქული დაგვხვდა. მითხრეს აქ, რომ ამას ეკონომიკის სამინისტროს გარდა ვერავინ ვერ გახსნისო, იმათგან აიღეთ ნებართვაო. ესენი დამშორდნენ მე... ამის შემდეგ მე არაფერი ვიცი, ვინ გახსნა, მოიპოვა საშვები, მოიპოვეს ის მასალები თუ რა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა შემთხვევით ჩავედით სარდაფში და იქ იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილი დახმარებები დაყრილი კორიდორში. გადავაბიჯეთ და მივედით იქ, სადაც ეს მასალები ინახებოდა და გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, არაფერი იქ აღარ იყო, ერთი ქაღალდიც აღარ იყო დარჩენილი. ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც მე 2006-2007 წლებში ვიყავით და დალუქული დამხვდა კარები. როდის მოხდა მერე, ვინ გაიტანა, სად გაიტანა, ეს უკვე გამოძიების საქმეა“, – ამბობს ბოჭორიშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, კეზერაშვილს არანაირი კავშირი და შემხებლობა საარქივო მასალასთან არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG