Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ ციხიდან მოუწოდა ხალხს, ქვეყანა გაათავისუფლონ "ქურდების ბანდისგან"


რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, დაძლიოს შიში და ქვეყანა გაათავისუფლოს „ხელისუფლებაში მყოფი ქურდების ბანდისგან“. ნავალნი ციხეში იმყოფება მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს სასამართლომ რეალური პატიმრობით შეუცვალა ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა.

ნავალნიმ განცხადებაში, რომელიც Instagram-ით გავრცელდა, დაწერა: „ჩემს ზურგს უკან გამაყრუებელი ხმით დაიხურა რკინის კარი, მაგრამ თავს ვგრძნობ თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ და ჩემგან და ჩემი ოჯახისგან მადლობა მხარდაჭერისთვის.“

რუსეთის ხელისუფლება არ იღებს ნავალნის დაპატიმრებისა და მისი მომხრეების დევნის გამო კრიტიკას. კრემლის თქმით, მას არ სურს მოისმინოს დარიგებები ნავალნისთან დაკავშირებით.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წლით და 8 თავით პატიმრობა მიუსაჯა ნავალნის ადრე მისთვის მისჯილი პირობითი პატიმრობის წესების დარღვევისთვის. ნავალნი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანიაში მას შემდეგ, რაც ის აგვისტოში მოწამლეს საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ და ვერ გამოცხადდა რეგისტრაციისთვის, რაც პირობითი პატიმრობით იყო გათვალისწინებული. კრემლის კრიტიკოსი აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით მოწამლეს ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცრებმა.

23 და 31 იანვარს რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები. მიტინგები გაიმართა 2 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ კოლონიაში პატიმრობის მოსახდელად გაგზავნა ნავალნი. საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანი მოათავსეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG