Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის „ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი“ უწოდა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებას იმ ფონზე, როდესაც სენატმა მიიღო ორპარტიული საკანონმდებლო აქტი ნავალნის მოწამვლაში მონაწილე რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციების შესახებ.

„ბატონი ნავალნი, რუსეთის დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობს რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით. იგი მიზანში ამოიღეს კორუფციის მხილების გამო. ნავალნი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 თებერვალს, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გადაცდომებზე არ რეაგირებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG