Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები არჩილ თალაკვაძეს: ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“


ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უგზავნიან წერილს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება პარლამენტის კედლებში ირღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკონკრეტებული არ არის, რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილში სავარაუდოდ იგულისხმება დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტი.

წერილში, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ოფისი ავრცელებს, ასევე გაკვირვებაა გამოთქმული იმის გამოც, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოვლენების ზუსტი შეფასების გამო ახსნა-განმარტებაც მოითხოვეს. წერილში ხაზგასმულია ისიც, რომ ელჩი ევროკავშირის ფასეულობებს გამოხატავს და არა პირად აზრს.

„ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ ”მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თქვენი ქვეყანაც ისწრაფვის“, - აღნიშნულია წერილში, რომლის სრულ ვარიანტს აქ გთავაზობთ:

„პატივცემულო ბატონო თალაკვაძე,

გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ ”მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.

პატივისცემით,

საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები“.

2 თებერვალს თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, „მთავარი არხის“ დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას ნომერი გააჟღერა. გვარამიამ ამის შემდეგ თქვა, რომ მას უცხო ნომრიდან ათეულობით ზარი და 100-ეულობით შეტყობინება მისდიოდა.

ამ საკითხის შეფასება ევროკავშირის ელჩს ჟურნალისტებმა სთხოვეს. მან წულუკიანის ქმედებას არაეთიკური უწოდა, პარლამენტის წევრმა კი მასთან ამ საკითხზე საუბარი ისურვა.

კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩის კომენტარი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერის საჯაროდ გამოცხადებაზე მისი პირადი პოზიცია იყო.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, არ ისურვა თეა წულუკიანთან დახურულ კარს მიღმა შემდარი შეხვედრის შინაარსზე საუბარი, ის მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა:

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩემს გუშინდელ კომენტარზე გვესაუბრა და დავრწმუნებულიყავით, რომ მხარეებისთვის გასაგებია ერთმანეთის პოზიცია, ეს კარგია და მოხარული ვარ, რომ მქონდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა 3 თებერვალს, თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG