Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში დასრულდა ელდარ გოგოლაძის გამოკითხვა


ელდარ გოგოლაძე
ელდარ გოგოლაძე

პროკურატურაში დასრულდა „ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის

გოგოლაძე გამოკითხეს 1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე.

„რაც მახსოვდა ამ ფაქტის შესახებ [ვუამბე], რომელიც 26 წლის წინ მოხდა. ბევრი ალბათ აღარ გამახსენდებოდა, ამდენი დრო გავიდა“, - თქვა გოგოლაძემ, რომელიც გამოკითხვაზე დაბარებას უკავშირებს „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

„მე ვთვლი, რომ ამ ინტერვიუს მოჰყვა ამ საქმის გააქტიურება. შურისძიებას დავარქმევთ თუ რაიმე სხვას, თქვენ თვითონ შეაფასეთ ჟურნალისტებმა“, - აღნიშნა გოგოლაძემ. ის იხსენებს, რომ მკვლელობის შემდეგ მაშინვე დაწერა პატაკი და გამოძების პერიოდით მოითხოვა გადაყენება: „საკმაოდ მაღალი თანამდებობა მეკავა მაშინ“.

2020 წლის 25 ოქტომბერს, რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე, “მთავარის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ, რომელშიც გოგოლაძე არხის ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან საუბარში ჰყვება ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მისი მოსვლის გზებსა და გამდიდრების ამბებზე. იმაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს პუტინის ადმინისტრაციასთან, პუტინის ყოფილ თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან, თუ როგორ გადაწყდა 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პროექტის ბედი და ა.შ.

ამ ინტერვიუს მაშინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზულ კომენტარს ის ამ საკითხზე ვერ გააკეთებდა, რადგან „ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ს მაღალჩინოსანი“.

"ქართული ოცნების" კონსულტანტმა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო „გოგოლაძეს - გუანტანამოს, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდა“.

მკვლელობა, რომელზეც ახლა ელდარ გოგოლაძე ჩვენებას იძლევა, 1993 წლის 8 აგვისტოს მოხდა - მცხეთასთან ახლოს. მაშინ, თავში ესროლეს და მოკლეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს, წარმომადგენელი, ფრედ რასელ ვუდროფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG