Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ახალგორელი გარდაიცვალა. მოსახლეობა გზის გახსნას ითხოვს 


ახალგორი
ახალგორი

ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩევა გულის შეტევის შემდეგ დაბიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს, - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, წინა თვეებისგან განსხვავებით დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისისკენ მიმავალი გზა სწრაფად კი გახსნა, მაგრამ ექიმების მცდელობა, გადაერჩინათ პედაგოგი უშედეგო აღმოჩნდა.

თამარ მეარაყიშვილმა ფეისბუკის საკუთარ პროფილზე მიმართვაც გაავრცელა. ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი ტექსტით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მიმართავს. ამ მიმართვით ის ითხოვს გზის გახსნას დაბაში დარჩენილი მოსახლეობისთვის და უხარისხო ჯანდაცვის სერვისების პირობებში დარჩენილი ავადმყოფებისთვის.

"გუშინ ღამით თბილისში გადაიყვანეს ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩიევა. გზა უმოკლეს დროში გაიხსნა, თუმცა სტრესმა, დარდმა სხვადასხვა მხარეს გაყოფილ ოჯახზე, ადგილზე უხარისხო მედიცინამ რის გამოც ვერ ვიტარებთ გამოკვლევებს, გეგმიურ მკურნალობას, თავისი ქნა - დღეს გარდაიცვალა. ერთი შეხედვით ჯან-ღონით სავსე ქალი დაკარგა ოჯახმა, დააკლდება სკოლას, რაიონს. გზა უნდა გაიხსნას პირობების გარეშე - ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?“ - წერს თამარ მარაყიშვილი.

ის რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ჩოჩიევას შემთხვევაში მის ოჯახს ადგილობრივი ექიმების ცნობაც არ დასჭირდა და დე ფაქტო ადმინისტრაციის ჩარევით გზა სწრაფად გაიხსნა, მაგრამ მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის, რადგან ადამიანებს, ვიდრე უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივლენ, გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბიბილოვის ხელისუფლებამ ოკუპირებული დაბიდან პაციენტების გადმოყვანის რეჟიმი შეამსუბუქა, ამან იქ დარჩენილ მოსახლეობას შვება ვერ მისცა.

დაბა ახალგორი 1 წელი და 5 თვეა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონერებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ.

ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. ამ ხნის განმავლობაში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 20 მეტი ადამიანია დაღუპული დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG