Accessibility links

site logo site logo

ლევან კობერიძემ „ლელო“ დატოვა


ლევან კობერიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძემ დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თავად ლევან კობერიძე კი ამ საკითხზე კომენტარის მოცემას მოგვიანებით შეგვპირდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული განმარტების მიხედვით, ლევან კობერიძის „ლელოდან“ წასვლის მიზეზი პარტიასთან პოლიტიკურ ხედვებში არსებული განსხვავება გახდა. ლევან კობერიძე „ინტერპრესნიუსს“ ეუბნება, რომ ეს განსხვავება ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო:

„მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ - რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა. „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია“, - უთხრა ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსს“.

პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა. მაშინ იგი მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის წევრი იყო, საპარლამენტო უმრავლესობა მან 2019 წლის მაისში დატოვა.

მისი წარდგენისას „ლელოს“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლევან კობერიძე იქნებოდა პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. თავად კობერიძემ კი განმარტა, რომ „ლელოსთან“ ღირებულებითი ერთობა აქვს. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ორპოლუსიანობის დასამსხვრევად საჭიროა ახალი, ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც უნდა იყოს „ლელოში“ და „ლელოსთან“ ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG