Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების ცენტრი, "მემორიალი", ნავალნის მოკავშირეებს და მხარდამჭერებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს


ოლეგ ნავალნი, ალექსეი ნავალნის ძმა
ოლეგ ნავალნი, ალექსეი ნავალნის ძმა

მოსკოვში განთავსებულმა ადამიანის უფლებების ცენტრმა "მემორიალმა" პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის 10 მოკავშირე და მხარდამჭერი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნია.

8 თებერვლის განცხადებაში, ორგანიზაცია ამბობს, რომ პოლიტპატიმრებად მიიჩნია პირები, რომლებიც დააპატიმრეს ნავალნის მხარდასაჭერი მასობრივი აქციების გამართვამდე ერთი დღით ადრე, და ბრალად წაუყენეს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევისკენ მოწოდებით გამოსვლა. დემონსტრაციებზე აპროტესტებდნენ ნავალნის დაპატიმრებას იანვარში.

"მემორიალის" მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებს შორის არიან ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი, მუნიციპალური ადვოკატები, დმიტრი ბარანოვსკი, კონსტანტინ იანაუსკასი და ლუსია შტეინი, არასამთავრობო ორგანიზაცია ექიმების ალიანსის ხელმძღვანელი, ანასტასია ვასილიევა, პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" ერთ-ერთი წამყვანი წევრი, მარია ალიოხინა, ნავალნის მოსკოვის გუნდის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი, ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმუში და აქტივისტი ნიკოლაი ლიასკინი. მათ უმრავლესობას შინაპატიმრობა შეუფარდეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ყველა მათგანს ორი წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.

"დემონსტრანტების დევნა სანიტარული და ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების საფუძველზე განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა ათასობით მშვიდობიან დემონსტრანტს აკავებენ და გადაყავთ მჭიდროდ გავსებული საპოლიციო მანქანებით. ისინი მიყავთ პოლიციის განყოფილებებში, სადაც პირობები დაავადების გავრცელებას კიდევ უფრო აჩქარებს" - ამბობს ორგანიზაცია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG