Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა ერთი „გამშვები პუნქტი"  


მოქალაქეებს, რომლებიც ახალგორისა და ჯავის რაიონში ცხოვრობენ, უფლება ექნებათ ხელჩუა-ზარდიაანთკარის „გამშვები პუნქტით" ისარგებლონ. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მოქალაქეებმა შესაბამისი საშვების მისაღებად საბუთები წინასწარ უნდა წარადგინონ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოახლოებულია საგაზაფხულო სამუშაოები, შესაბამისად, მათ, ვისაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ნაკვეთების დამუშავება სჭირდება, უნდა იზრუნონ ე.წ სასაზღვრო ზონაში ნებართვის მოსაპოვებლად.

ცხინვალის რაიონის სოფელი ხელჩუა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს ესაზღვრება. ქართულ საპოლიციო და რუსულ ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებს შორის რამდენიმე წელია არსებობს. „ნეიტრალური ზონა", სადაც 10-მდე სახლია დარჩენილი. დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტა, როდესაც წნელისი-ჩორჩანას კრიზისი დაიწყო. ბიბილოვის მთავრობა მოითხოვს, რომ ჩორჩანაში საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო საგუშაგო გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაკეტილი დარჩება დაბა ახალგორი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან ბიბილოვს მიმართა სოციალური ქსელით და აღნიშნა, რომ ხელჩუას გადასასვლელი პუნქტის გახსნა ახალგორელებისთვის შეღავათი ვერ იქნება, რადგან ახალგორელ მოხუცებს, ვისაც თბილისისკენ ტრანსპორტირება სჭირდებათ, რთულ და დამღლელ გზაზე მოუწევთ სიარული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG