Accessibility links

site logo site logo

სენატში იწყება დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი


დღეს, 9 თებერვალს, აშშ-ის სენატში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი იწყება. იმპიჩმენტის საქმის განხილვას შეუდგება 100 სენატორი, რომლებმაც მოსამართლეების რანგში უნდა დაადგინონ, არის თუ არა დონალდ ტრამპი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა.

დონალდ ტრამპის დამნაშავედ ცნობას სენატორთა ხმების ორი მესამედი ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა წარადგინა შეთანხმება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის სტრუქტურის შესახებ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს გარანტიას უზრუნველყოფს.

შეთანხმების მიხედვით, სამშაბათს, სენატში 4-საათიანი დებატები გაიმართება იმის შესახებ, არის თუ არა სენატის სასამართლო მოსმენა კონსტიტუციური. ამის შემდეგ კი იგივე თემაზე სენატორები კენჭისყრას ჩაატარებენ. სამშაბათსვე მხარეები შეთანხმდებიან, რა წესებით ჩატარდეს სასამართლოს მოსმენები.

ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იგივე ბრალმდებლებს 16-საათი ექნებათ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დროსა და პირობებში წარადგენენ საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარის წარმომადგენლები.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG