Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის თანამოაზრეებმა ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის შტაბების რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა და ანტიკორუფციული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ აშურკოვმა, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ორშაბათს ვიდეო კონფერენცია გამართეს ევროკავშირის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და უკრაინის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ როიტერი და რამდენიმე ევროპული მედია იტყობინება.

იმ პოლიტიკოსების სახელები, რომლებთანაც ნავალნის თანამოაზრეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, არ გახმაურებულა. იტყობინებიან მხოლოდ იმას, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ელჩები და ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახურის წევრები. ონლაინ შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მიერ.

კონფერენცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მასზე განიხილებოდა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა რუსეთის მიმართ და, კერძოდ, შესაძლო ახალი სანქციების დაწესება რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის, მისი გუნდის წევრების და სხვა ოპოზიციონერების დაპატიმრების გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ნავალნის პარტნიორებს შორის უცხოელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების შესახებ. მან განაცხადა, რომ ”ე.წ. დასავლელი პარტნიორები განაგრძობენ აბსოლუტურად უკანონო, არასამართლებრივ და აგრესიულ თავდასხმას” რუსეთზე". მისივე თქმით, ადრე ვლადიმერ აშურკოვმა ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან განიხილა "რიგი პროექტების დაფინანსების საკითხი, რომელთაგან ერთი მიზნად ისახავდა რუსეთის საბანკო სისტემის დისკრედიტაციას".

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG