Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის რამდენიმე სკოლა კვლავ სწავლების დისტანციურ მოდელზე გადაიყვანეს


პირველი თებერვლიდან დღემდე კახეთში სამი საჯარო სკოლა კვლავ სწავლების დისტანციურ მოდელზე გადაიყვანეს. რამდენიმე საათის წინ სწავლების ონლაინრეჟიმი დაწესდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების, კაჭრეთისა და ახაშნის საჯარო სკოლებში. ახაშნის სკოლაში COVID-19 პედაგოგსა და მოსწავლეს, ხოლო კაჭრეთში მოსწავლეებს დაუდგინდათ.

როგორც რადიო თავისუფლებას გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, რამდენიმე დღის წინ სრულად სწავლების დისტანციურ მოდელზე გადაიყვანეს სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაც. გარდა ამისა, ქალაქ გურჯაანის მეორე და მეოთხე სკოლებში სწავლების შერეული მოდელია. ამ შემთხვევაში იმ კლასების მოსწავლეები, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ონლაინ სწავლობენ.

რამდენიმე დღეა სწავლების შერეულ მოდელზეა გადასული ალავერდის ეპარქიის სამრევლო სკოლა, ასევე სოფელ ქვემო ხოდაშნის ერთ-ერთი კლასი.

კახეთის საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ მოდელზე პირველად 2020 წლის ნოემბრიდან გადავიდნენ. ამის შემდეგ მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ 2021 წლის 1-ლ თებერვალს დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობებში შესვლამდე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უზომავენ სიცხეს და ხელებს უმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარებით. სკოლები ვალდებული არიან, საკლასო ოთახები ყოველ სამ საათში ერთხელ სველი წესით დაამუშაონ და ოთახები გაანიავონ. გარდა ამისა, პედაგოგები თვეში ორჯერ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან. საერთო ჯამში, კახეთის რეგიონში 190-მდე საჯარო სკოლაა.

დღეს, 9 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG