Accessibility links

site logo site logo

გაერო: ირანმა და ჩრდილოეთმა კორეამ განაახლეს თანამშრომლობა დიდი სიშორის რაკეტების შესაქმნელად


ირანული დიდი სიშორის რაკეტა

გაროს თანახმად, გასულ წელს ირანმა და ჩრდილოეთმა კორეამ განაახლეს თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს დიდი სიშორის რაკეტების შექმნას.

„განახლებული თანამშრომლობა, გავრცელებული ცნობით, ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელოვანი დეტალების მიწოდებას, ხოლო ბოლოს ტრანსპორტირებას ადგილი ჰქონდა 2020 წელს“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებული სანქციების მონიტორინგის დამოუკიდებელი ექსპერტების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 8 თებერვალს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ირანს შორის ამგვარი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ექსპერტებს ცნობა მიაწოდა გაეროს ერთ-ერთმა სახელმწიფომ.

ამ ბრალდების პასუხად გაეროში ირანის ელჩმა, მაჯიდ ტახტმა, საბჭოს წევრებს დეკემბერში უთხრა, რომ ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის წინასწარი ანალიზი მოწმობს, რომ მონიტორების გამოძიება შესაძლოა ეყრდნობოდეს „ყალბ და შეთითხნილ მონაცემებს“.

აშშ დიდი ხანია ადანაშაულებს ჩრდილოეთ კორეასა და ირანს დიდი სიშორის რაკეტების განვითარების გარშემო თანამშრომლობაში.

ამ განცხადების ფონია მოლოდინი, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, განაახლოს დიპლომატიური კონტაქტები ირანთან ბირთვული პროგრამის საერთაშორისო შეთანხმების გარშემო, რომლიდანაც აშშ გავიდა 2018 წელს დონალდ ტრამპის ბრძანების შემდეგ.

მაგრამ მხარეები ერთმანეთისგან მოითხოვენ პირველი ნაბიჯის გადადგმას. კერძოდ, თეირანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს საერთაშორისო შეთანხმებაში და გააუქმოს 2018 წელს ირანის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

ამის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არ აპირებს სანქციების გაუქმებას მანამ, ვიდრე ჯერ ირანი არ დაიწყებს 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG