Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ დაარბია გადატრიალების საწინააღმდეგო აქციები, რასაც მოჰყვა გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან


ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ იარაღიდან ისროლა და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც აპროტესტებდნენ გასულ კვირაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას - რასაც აშშ-ისგან მოჰყვა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებზე ზეწოლას "მნიშვნელოვანი შედეგები" ექნება.

9 თებერვალი აქციების მეოთხე დღე იყო. დემონსტრანტები გმობდნენ დიქტატურას და არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაპატიმრებას - მიუხედავად ახალი ხუნტის მხრიდან გავრცელებული გაფრთხილებისა, რომ ზომებს გაატარებდნენ დემონსტრაციების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდნენ "სტაბილურობას".

გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ ჰაერში ისროლა დემონსტრანტების დასაშლელად ნაიპიდოსა და სხვა ქალაქებში, მას შემდეგ, რაც მათ ჯერ წყლის ჭავლი მიუშვირა. არის ცნობები, რომ პოლიციამ ხალხს რეზინის ტყვიები ესროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დემონსტრანტები მოითხოვენ ხელისუფლებაში გადაყენებული სამოქალაქო მთავრობის დაბრუნებას და აუნ სან სუ ჩისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების გათავისუფლებას, რომლებიც დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს არმიამ გადატრიალება მოახდინა, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიანმარს კვლავ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს და განიხილავს ქვეყნის დახმარების შესაძლებლობას, რათა მათ, ვინც გადატრიალება მოახდინა, "მნიშვნელოვანი შედეგები" შეეხოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG