Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: "პუტინის სასახლის" მშენებლობა მისი დაბადების დღისთვის უნდა დასრულებულიყო


გელენჯიკის მახლობლად მდებარე სახლი, რომელიც „პუტინის სასახლის“ სახელითაა ცნობილი, 2011 წელს უნდა დასრულებულიყო პოლიტიკოსის 59-ე დაბადების დღისთვის. ამის შესახებ BBC იტყობინება მშენებლობის ორ მონაწილეზე დაყრდნობით.

შენობა აიგო, დაიწყო მისი ექსპლუატაცია და მხოლოდ მას შემდეგ დაიხურა, რაც მასში ობი აღმოაჩინეს, უთხრეს მშენებლებმა ტელეარხს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოძიება პუტინს მიიჩნევს შენობის საბოლოო მფლობელად, კრემლი უარყოფს ობიექტთან მის კავშირს.

2011 წლის 8 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის მეორე დღეს, ობიექტზე მფლობელი უნდა ჩასულიყო. მას „მამას“ უწოდებდნენ, ჰყვება ერთ-ერთი მშენებელი. თარიღს ადასტურებს მშენებლობის მეორე მონაწილეც. მათ არ იციან, ჩავიდა თუ არა ის ადამიანი დაგეგმილ დროს. პუტინს იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 8 ოქტომბერი შაბათი იყო, იმ დღეებში მის მგზავრობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ერთ-ერთმა ყოფილმა მშენებელმა BBC-ის უთხრა, რომ პუტინი სასახლეში „რამდენჯერმე“ ჩავიდა. კრემლთან დაახლოებულმა ანონიმმა წყარომ ტელეარხს უთხრა, რომ პუტინი „უკანასკნელ ხანებში“ ობიექტზე ჩადის მხოლოდ იქ აგებულ ყინულის დარბაზში ჰოკეის სათამაშოდ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადრე ის იქ სხვა მიზნებით ჩადიოდა, არ იტყობინებიან. ადრე გამოცემა „პროექტი“ ამტკიცებდა, რომ პუტინი ამ სახლში რეგულარულად მართავდა შეხვედრებს თავის უახლოეს გარემოცვასთან.

გელენჯიკთან მდებარე ამ შენობის შესახებ საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი, „პუტინის სასახლე“, რომელიც ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გადაიღო, 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა YouTube-ზე. ფილმის გამოსვლის შემდეგ ტერიტორიაზე დაუშვეს პროსამთავრობო გამოცემა Mash-ისა და სახელმწიფო ტელეარხ „როსიას“ ჟურნალისტები.

სამთავრობო მედიაში გასული სიუჟეტების თანახმად, შენობა დღემდე დაუმთავრებელია. მაგრამ როგორც საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის ავტორები ამტკიცებენ, სინამდვილეში მას რეკონსტრუქცია უტარდება ობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG