Accessibility links

logo-print logo-print

"რესპუბლიკელები" მზად არიან, პარლამენტში ხმა მისცენ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას


თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის შემოღებას, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი დეპუტატი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, მას სამივე მოსმენაზე მხარი დაუჭირონ. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა, ეს არ ნიშნავს პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას.

„თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა, დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ მზად ვართ, „რესპუბლიკელები“, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და ამით „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ“, - თქვა სამნიძემ.

პოლიტიკოსი განმარტავს, რომ არ აქვს განზრახული მოქმედ პარლამენტთან მუშაობა. მისი თქმით, ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, არ მოდის არანაირ კომპრომისზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტვირთია კომპრომისზე წამოსვლა.

„არაფერი სადისკუსიო ამ კანონპროექტთან არ არის, თუ ეს დარეგისტრირდება, ჩვენ მზად ვართ, ხმა მივცეთ ქვეყნის მომავალს“, - დაამატა სამნიძემ. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას. „ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა სამნიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის - უბარიერო სისტემასაც.

მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერს ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი“. იქვე აღნიშნულია, რომ „ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას, მათ შორის, „რესპუბლიკელებისთვის“. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG