Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად ენგურის ხიდთან აქცია გაიმართა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა ენგურის ხიდთან. აქციის ორგანიზატორი აქტივისტი, პარტია „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია იყო. მას სამოქალაქო აქტივისტები და „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები შეუერთდნენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არის როგორც ირაკლი ბებუას და მისი ოჯახის წევრების მხარდამჭერი აქცია, ასევე საპროტესტო გამოსვლაც, რათა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას საკუთარი მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც არიან საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ასეთი, სამწუხაროდ, იმატებს და იმატებს ამ ქვეყანაში. ეს არის საპროტესტო აქციაც იმიტომ, რომ ვხედავთ, ხელისუფლებას არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება, არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დავიხსნათ ეს ხალხი”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „თავისუფლება ირაკლი ბებუას” და „მოქმედების დროა”.

ყოფილი დეპუტატის ნინო გოგუაძის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლებით სურთ ხელისუფლებას ყურადღება მიაქცევინონ ამ პრობლემისთვის. მისი განმარტებით, მთავრობა მთელ ძალისხმევას უნდა ახმარდეს საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს და აქტიურად აყენებდეს ამ მოთხოვნას საერთაშორისო დონეზე: „არ შეიძლება, ხელისუფლება ასეთი გულგრილობით ეკიდებოდეს საკუთარ მოქალაქის ბედს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის საპყრობილეში ზის”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

აქციის მონაწილეებმა ენგურის ხიდზე სიმბოლურად მოისმინეს საქართველოს ჰიმნი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი ბებუას პატიმრობის საკითხი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე „ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე, მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხზე, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი პატიმრობა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას“.

2020 წლის 30 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა, რომელმაც გალის რაიონში დაწვა „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუა „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 7 დეკემბერს მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG