Accessibility links

site logo site logo

არმაზ ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდაჭერაში დრამატული არაფერია


არმაზ ახვლედიანი

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის პოზიცია მიუღებელი არ არის არმაზ ახვლედიანისთვის, რომელიც „ევროპული საქართველოს“ სიით არის არჩეული პარლამენტის წევრად.

„რაც ქალბატონმა სამნიძემ ბრძანა, როგორც ვხვდები, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს „ოცნება“, შევიდეთ და მხარი დავუჭიროთ, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ახვლედიანმა „ფორმულის" ეთერში და დაამატა, - „ვფიქრობ, ბევრის გადაწყვეტილება იყოს ამის სასარგებლო“. მისი აზრით, ეს არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას.

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის შემოღებას, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი დეპუტატი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, მას სამივე მოსმენაზე მხარი დაუჭირონ.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას. „ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა სამნიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის - უბარიერო სისტემასაც.

მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერს ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი“. იქვე აღნიშნულია, რომ „ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას, მათ შორის, „რესპუბლიკელებისთვის“. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG