Accessibility links

logo-print logo-print

მდინარაძე „რესპუბლიკელების“ პოზიციის შესახებ: ძალიან ბავშვურია და თამაშია


მამუკა მდინარაძე

ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე „რესპუბლიკელების“ პოზიციას არასერიოზულად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„ჯერ მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლა ძალიან ბევრი საკითხია და ისინი ერთადერთი შედარებით რასაც აღწევენ თავისი საბოტაჟისგან არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე. რეალურად აქ რა ხდება, პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რას აკეთებენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, იქ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, როგორ ხორციელდება... ეს უამრავი საქმე პარალელურად მიდის და ერთადერთი, რასაც ახერხებენ, მთელი აქცენტი გადმოტანილია, რასაც ახლა ვლაპარაკობთ“, - აღნიშნა მან.

დეპუტატმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიხსენა მემორანდუმი, რომელსაც ამ დროისთვის მმართველი პარტიის გარდა „მოქალაქეები“ აწერენ ხელს.

„ჩვენ, როდესაც მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და იქ წერია 0%-დან 3%-მდე [საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის], ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 5%, კიბატონო, კომპრომისულ ვარიანტად იყოს გადახედილი და როგორც მინიმუმ ოპოზიცია დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავთ. ჩემი აზრით, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევებში - უნდა ჩამოვიდეთ 2%-ზე, 1%-ზე თუ საერთოდ უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები. იქნებ დაგვარწმუნონ. განსხვავებული აზრიც არსებობს, მათ შორის, გუნდის შიგნით. ადრეც იყო ამაზე მსჯელობა, ახლაც შეიძლება ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს“, - ამბობს მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პირად პოზიციასაც ასახელებს და ამავე დროს, მზად არის მას გადახედოს, თუკი ოპოზიცია შესაბამის არგუმენტებს წარმოადგენს. „მე არ ვარ ჯიუტი", - აღნიშნა მან და დაამატა, - „დღეისათვის მე მგონია, რომ 2%-3% შეიძლება, არ იყოს პრობლემა და უკეთესიც იყოს პლურალისტული პოლიტიკური გარემოსათვის, 0%-იანი შეიძლება, იყოს განუწყვეტელი კრიზისის წყარო, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს“. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, 0%-იან ბარიერს სჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები და ის ბერკეტები, რაც, მეორე მხრივ, ბალანსში სტაბილურობის გარანტია იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის შემოღებას, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი დეპუტატი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, მას სამივე მოსმენაზე მხარი დაუჭირონ.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას. „ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა სამნიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის - უბარიერო სისტემასაც.

მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერს ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი“. იქვე აღნიშნულია, რომ „ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას, მათ შორის, „რესპუბლიკელებისთვის“. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG