Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელები კორონავირუსის ვაქცინების სამართლიან განაწილებას მოითხოვენ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გაფართოვებისა და მისი სამართლიანი განაწილების შესახებ განაცხადეს.

დღეისათვის გამოყენებული 128 მილიონი დოზა ვაქცინის სამ მეოთხედზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის, - აღნიშნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა და გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გენრიეტა ფორმა. მათი თქმით, დღეისათვის მსოფლიოს 130 ქვეყანაში, სადაც 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ჯერ ერთი აცრაც კი არ გაუკეთებიათ.

როგორც მათ განაცხადეს, თუ ასე გაგრძელდება, შეიქმნება ვისუსის მუტაციისთვის და ვაქცინების მიმართ მდგრადობისათვის სასარგებლო გარემო.

ღებრეიესუსმა და ფორმა სახელმწიფოებს მოუწოდეს „თავიანთი ქვეყნების საზღვრების მიღმა გაიხედონ“ და შეიმუშაონ სტრატეგია, რომელიც პანდემიის დასრულებას და ვირუსის ახალი შტამების გავრცელების შეზღუდვას უზრუნველყოფს.

მათი რეკომენდაციით, საჭიროა პირველ რიგში მედიცინის მუშაკები და მოწყვლადი ჯგუფების მოსახლეობა აიცრას ყველა ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელებმა მოუწოდეს ასევე ვაქცინების მწარმოებლებს, სამართლიანად გაანაწილონ შეზღუდული მარაგები და თავიანთი ტექნოლოგიები გადასცენ სხვა მწარმოებლებსაც, გლობალურ მიწოდებაში დახმარების გაზრდის მიზნით.

ღებრეიესუსისა და ფორმის თქმით, კორონავირუსმა აჩვენა, რომ „ჩვენი ბედი განუყოფლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით, ამას ერთად გავაკეთებთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG