Accessibility links

site logo site logo

ეპისკოპოსი ნიკოლოზი მედიას: ვიღაცამ სისულელე წამოროშა და თქვენ აიტაცეთ


საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს - ეპისკოპოსებს არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადებები იმის შესახებ, თუ რაზე იქნება ამ სხდომაზე საუბარი. სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს - სინოდამდე ეპისკოპოსებმა ტესტირება ჩაიტარეს კორონავისურზე. ეპისკოპოსების კრებამდე განცხადება მედიასთან გააკეთა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელმაც თქვა, შესაძლოა სინოდის ერთ-ერთი თემა იყოს ვაქცინაცია და თუკი ასე იქნება, ისინი ნებაყოფლობითი აცრების მომხრეები იქნებიან. "ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას, არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა და დააყოლა, რომ არც აცრის და არც აუცრელობის შემთხვევაში კორონავირუსზე, მრევლს ეკლესია ზიარების უფლებას არ შეუზღუდავს. ის ასევე შეეხო ეპისკოპოს პეტრე ცაავასთვის შეჩერებული უფლებამოსილების საკითხს და თქვა, რომ ის უკვე დაისაჯა იმისთვის, რა დანაშაულიც ჩაიდანა [პეტრე ცაავამ სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ პატრიარქი ჰომოსექსუალი] და თუკი შესაბამის სინანულს აჩვენებს, შესაძლოა კვლავ გახდეს სინოდის წევრი.

ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა პატრიარქის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს სინოდის სხდომაზე მისი შემცვლელი უნდა დასახელდეს.

"ვიღაცამ რაღაც სისულელე წამოროშა და თქვენ ყველამ აიტაცეთ და ყოველ წუთში იმეორებთ ასეთი ფორმულირებით: პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას. ეს არის სამარცხვინო. თქვენ ავრცელებთ ძალიან ცუდ ინფექციას, რომელიც საზოგადოებას აზიანებს. მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებამ ეს გადავიტანეთ, თქვენს მიერ გადატანილი ვირუსი, ჩვენ ავიცრებით ამაზე და თქვენ მერე ამას ვეღარ გააკეთებთ.

ყოველგვარი ასეთი ხმების გავრცელება, პატრიარქს რაც შეეხება, არის დანაშაული და არა ტყუილი. თქვენ ჩადიხართ დანაშაულს, როცა ამას აკეთებთ" - თქვა ეპისკოპოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე.

სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სინოდის სხდომა საჭიროების მიხედვით წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიმართოს.

სინოდის წინა სხდომაზე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართა, მღვდელმთავრებმა პანდემიის დროს ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG