Accessibility links

site logo site logo

გერმანია 7 მარტამდე აგრძელებს მკაცრ ლოკდაუნს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

გერმანიამ გადაწყვიტა, 7 მარტამდე გააგრძელოს მკაცრი ლოკდაუნი, რომელიც ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებში შემოიღეს კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი ზრდის ფონზე.

ლოკდაუნის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც კანცლერმა ანგელა მერკელმა გამართა გერმანიის ფედერალურ მხარეთა პრემიერ-მინისტრებთან.

იტყობინებიან, რომ რეჟიმის გაგრძელებას ითხოვდა ფედერალური კანცლერის უწყება, მიუხედავად ზოგიერთი რეგიონული ხელისუფლების წინააღმდეგობისა. კანცლერის უწყებამ მოიშველია საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის ახალი, უფრო სახიფათო მუტაციების გავრცელებასთან.

გფრ-ში კვლავაც დაკეტილი იქნება სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, თეატრები და კინოთეატრები, ფიტნეს-სტუდიები, საცალო ვაჭრობის საწარმოები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გამოკლებით. ამასთან, დამტკიცებული ზომები მთელ რიგ გამონაკლისებს ითვალისწინებს. 1 მარტიდან ნებადართულია საპარიკმახეროების მუშაობა.

„ამოსავალი პრინციპი - „ვრჩებით სახლში“ - კვლავაც მნიშვნელოვანი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ვიდეოკონფერენციის დროს მიიღეს 10 თებერვალს.

პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში COVID-19-ით გარდაიცვალა 63 ათასი ადამიანი. უკანასკნელ ხანებში შემცირდა დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი. ოთხშაბათს გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG