Accessibility links

site logo site logo

Bellingcat-ი: ოპოზიციონერ აქტივისტ კარა-მურზას მოწამვლამდე ფსბ-ს აგენტები დაჰყვებოდნენ


ვლადიმირ კარა-მურზა

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები - მათ შორის ერთ-ერთი, რომლის თაობაზეც მიიჩნევა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან აქვს კავშირი - კრემლის კიდევ ერთ კრიტიკოსს უთვალთვალებდნენ მის მოწამვლამდე რამდენიმე დღით და კვირით ადრე, აცხადებს საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში. Bellingcat-ის გამოძიების ყურადღების ცენტრშია ორი ინციდენტი, რომლებიც მოსკოვში შეემთხვა ვლადიმირ კარა-მურზას, ვეტერან ოპოზიციონერ აქტივისტს, რომელიც დასავლეთის მთავრობებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. ამ ინციდენტებს, რომელთა შედეგად კარა-მურზა კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა „დაუდგენელი ნივთიერებით“ მოწამვლა უწოდეს.

კარა-მურზას საიდუმლოებით მოცულ ავადმყოფობებზე იმსჯელეს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების უმაღლეს დონეზე, საქმეში ჩართული იყო FBI-ის დირექტორი ქრისტოფერ რეი.

Bellingcat-მა სამგზავრო ინფორმაციაზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლის ამ ინციდენტების წინ კარა-მურზას კუდში დაჰყვებოდნენ ფსბ-ს აგენტები.

ფსბ-ს ერთ-ერთი თანამშრომელი, კონსტანტინ კუდრიავცევი, რომლის მარშრუტი ემთხვევა კარა-მურზასას, Bellingcat-ისა და მისი პარტნიორების გამოძიების თანახმად, დაკავშირებული იყო 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან.

მოგვიანებით გერმანელმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური იარაღით. ეს საბჭოთა პერიოდის მომწამვლელი ნივთიერება გამოყენებულ იქნა ასევე ინგლისში 2018 წელს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG