Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ: რუსეთმა მედიაკომპანიის სამართლებრივი დევნით დაარღვია ჩეხეთთან დადებული ხელშეკრულება


რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) თანახმად, რუსეთმა დაარღვია ორმხრივი ინვესტიციის ხელშეკრულება, როცა რუსეთში ორგანიზაციის სამაუწყებლო საქმიანობას დაუპირისპირა სადავო კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ.

11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში რთე/რთ ეხმიანება რუსეთის მარეგულირებელთა მიერ გასულ კვირაში კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს.

მედიარეგულატორმა „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ისგან მოითხოვა, რომ დაიცვას მკაცრი რეგულაცია და მარკირება გაუკეთოს რუსეთში გამოქვეყნებულ და გავრცელებულ აუდიო თუ ვიდეო მასალებს, რომ ისინი უცხოეთიდან ფინანსდება.

რთე/რთ ერთ-ერთია სამი ორგანიზაციიდან, რომლებიც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით უნდა აღინიშნოს და ერთადერთი, რომელსაც ჯარიმები დააკისრეს.

საპასუხოდ „როსკომნადზორმა“რთე/რთ-ს 260 დარღვევის შესახებ გაუგზავნა შეტყობინებები. მათი საერთო მოცულობა თითქმის 1 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მომავალ კვირაში საკითხი სასამართლოს გადაეცემა.

რთე/რთ კერძო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

მედიაკომპანიის შტაბბინა პრაღაში მდებარეობს და ჩეხეთის კანონების ფარგლებში ოპერირებს. რთე/რთ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ მიღებული ზომები არღვევს რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 1994 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვს ავალდებულებს, სამართლიანად მოექცეს რუსეთში ჩეხურ ინვესტიციებს. დავის გადასაჭრელად რთე/რთ-მ რუსეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თუკი რუსეთი ამას არ დათანხმდება, ხელშეკრულება იძლევა უფლებას, მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები განხორციელდეს, ნათქვამია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG