Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხმა კანონმდებლებმა არ დაუჭირეს მხარი საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას


ჩეხეთის პარლამენტმა 11 თებერვალს არ დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის კოალიციური მთავრობის თხოვნას, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია, 14 თებერვლის შემდეგ გააუქმოს მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი, რასაც ქვეყანაში არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კენჭისყრამდე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, იან ბლატნიმ, გამოთქვა გაფრთხილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, მოჰყვეს ეპიდვითარების გაუარესება, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ჰოსპიტალურ სექტორს.
ჩეხეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. ამ ქვეყნის მოსახლეობის 8 პროცენტმა გადაიტანა კოვიდი, ხოლო 0,1 პროცენტი - გარდაიცვალა.

წუხელ ჩეხეთში კორონავირუსის 8916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 130 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექციით დაავადდა 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 19 700-ს აღემატება.

ჩეხეთის მთავრობის ინიციატივით ქვეყანაში 27 დეკემბრიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. სურსათის, პირველადი მოხმარების საგნების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, დახურულია ყველა სავაჭრო ცენტრი, სპორტდარბაზი, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები. რესტორნებს და კაფეებს უფლება აქვთ, კლიენტებს დისტანციურად მოემსახურონ, დახურულია უმაღლესი სასწავლებლები და გაჩერებულია სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, შეზღუდვით მუშაობს ტრანსპორტი.

ჩეხეთში, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, შარშანდელი დეკემბერის ბოლოს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი კომპანიების "ფაიზერისა" და "ბიონტექის" მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მაგრამ ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმუნიზაციის დაბალი ტემპების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG