Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: ვადა ამოიწურა, მე უსამართლო გირაო არ გადავიხადე


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ისევ აცხადებს, რომ არ გადაიხდის გირაოს. მელიამ ამის შესახებ იმ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის განცხადების შემდეგ ჩანიშნა.

"​ვადა ამოიწურა, მე უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი. ჩემი გასამართლებით ნიკა მელიას კი არა, თავისუფლების იდეას ასამართლებთ", - თქვა მან.

მისი თქმითვე, ის დამნაშავე მაშინ იყო, როცა სასამართლოსგან აკრძალვის მიუხედავად, საჯარო გამოსვლები ჰქონდა და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდა.

"უკვე გადახდილი მაქვს 30 ათასი, ახლა მეუბნებიან, რომ გადავიხადო 40 ათასი, ხვალ 100-ს მეტყვიან, მაზეგ 150-ს, მერე მეტყვიან, რომ სამაჯური ყელზე შეიბიო. უნდა დავემორჩილო? არ დავემორჩილები, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობა და ვალდებული ვარ უსამართლობას არ დავემორჩილო", - თქვა მელიამ.

მელიამ გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG