Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა აღარ იქნება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მსგავსად, პარტიაში თანამდებობის დაკავებას არც გენერალური მდივანი გიგი უგულავა აპირებს. მაისში დანიშნულ ყრილობაზე უგულავა გენერალური მდივნის თანამდებობაზე ასარჩევად საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდი. შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით, რწმენით და იმედით, ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე ეს გავაკეთეთ“, - თქვა „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერი აღნიშნავს, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას. ის საკუთარ თავს უფრო მეტად საერთო ოპოზიციურ ფორმატში ხედავს. „გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, მე ჩემს თავს ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში. თუნდაც წყლის დასხმაში, მის კულტივაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალების. ეს არის ის საქმე, რომელსაც ჩემი დროის 80%-ს, ნოემბრიდან მოყოლებული, ვუთმობ“, - ამბობს გიგი უგულავა. მისი აზრით, დღეს პრიორიტეტულია ოპოზიციის ერთობა.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პარტიაში დაწყებული ცვლილებები არ ეხება საპარლამენტო ბოიკოტს.

უგულავა პარტიის განახლებისთვის მინიმუმ სამ წინაპირობას აყენებს. „აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენთაგანის [დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას] პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე პირველ, შეიძლება, არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად იმისთვის, რომ პარტია განახლდეს“, - აცხადებს უგულავა.

როგორც ის აღნიშნავს, არ აპირებს არანაირი თანამდებობის დაკავებას „პოსტბიძინურ ეპოქაში“. „ჩემი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - დაამატა უგულავამ.

იმ შემთხვევაში, თუ პარტია სრულად არ განახლდება, უგულავა ამბობს, რომ ბუნებრივად წარიმარტება პარტიიდან მისი ჩამოშორების პროცესი.

„იმედს დავიტოვებ, რომ ეს აზრი გიგას მიერაც იქნება გაზიარებული“, - თქვა უგულავამ.

დავით ბაქრაძემ დღეს, 12 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავის თავს აღარ დააყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG