Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: „ევროპული საქართველოს“ აქტიურ წარმომადგენლად ვრჩები


გოგა ბოკერია
გოგა ბოკერია

დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, კვლავ დაიკავებს თუ პარტიულ თანამდებობას.

„აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ [ბაქრაძემ] და გიგიმ [უგულავამ] თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჩვენ ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რა ციფრებითაც იყო (მანიპულაციების მიუხედავად). ამას ვიზიარებ, რომ გახდა უკვე სერიოზული განსჯის საგანი და კიდევ უფრო ღრმა დისკუსია უნდა გაგრძელდეს.

მე არ ვიზიარებ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან“, - ამბობს ბოკერია.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც უგულავა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება პარტიის სრული განახლება, ის ბუნებრივად ჩამოშორდება პარტიას.

„ვწუხვარ, მე ასეთ წინაპირობას არავის არ ვუყენებ“, - თქვა გიგა ბოკერიამ და დაამატა, - „მე არ ვიზიარებ საკითხის ასე დაყენებას. განახლება ხდება კონკურენციის გზით და არავის არ ექნება წარმატება თუ ხელოვნურად გახდა ვინმე ლიდერი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტიაში ეს მოხდება. მე ამ პარტიაში ჩემს როლს ვხედავ, როგორც ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი აქტიური წევრი“.

პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი გიგი უგულავა გაზაფხულზე დანიშნულ ყრილობაზე არ აპირებენ საკუთარი კანდიდატურების დაყენებას.

უგულავა პარტიის განახლებისთვის მინიმუმ ერთ წინაპირობას აყენებს. „აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის [დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას] პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე პირველ, შეიძლება, არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის, რომ პარტია განახლდეს“, - აცხადებს უგულავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG