Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას


ჰუთიტების მიერ დედაქალაქ სანას აღების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლეობისას ჰუთიტი მებრძოლი საგუშაგოზე. 2019 წლის 21 სექტემბერი
ჰუთიტების მიერ დედაქალაქ სანას აღების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლეობისას ჰუთიტი მებრძოლი საგუშაგოზე. 2019 წლის 21 სექტემბერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ის გააუქმებს გადაწყვეტილებას, იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობის მსოფლიო ტერორისტულ გაერთიანებად აღიარების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში შევა 16 თებერვალს, ჰუთითებს ტერორისტულ ორგანიზაციების სიიდან ამოიღებენ. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

ბლინკენის ნაბიჯი მიმართულია მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისა და იემენში სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებისკენ.

„გადაწყვეტილება წარმოადგენს აღიარებას, რომ იემენში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა", წერია ბლინკენის განცხადებაში.

2015 წელს იემენი ჩათრეულ იქნა სამოქალაქო ომში, რომელსაც დღემდე ასი ათასი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაიწყო უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი.

კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან ჰუთიტები, რომლებიც აკონტროლებენ დედაქალაქ სანას და ქვეყნის ჩრდილოეთის და დასავლეთის დიდ ნაწილს, მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს და სამხრეთელი სეპარატისტები, რომლებიც ასევე ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნების მთავრობები, ასევე გაერო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, შიშობენ, რომ ჰუთიტებისთვის დაწესებული სანქციები ხელს შეუშლის სურსათის მიწოდებას რეგიონში, როცა ფართო მასშტაბიანი შიმშილის საფრთხე იზრდება. ბლინკენმა მიანიშნა, რომ ჰუთიტების მიმართ ვაშინგტონის ლმობიერებას საზღვარი აქვს. მისი თქმით, მათი მოძრაობის სამივე ლიდერის მიმართ სანქციები ძალაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG