Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ECB-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი, დაინიშნა იტალიის ერთიანობის მთავრობის მეთაურად


მარიო დრაგი, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ყოფილი ხელმძღვანელი, 13 თებერვალს დაინიშნა იტალიის ახალი, ერთიანობის მთავრობის მეთაურად.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის მიზანია დასრულდეს თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, კორონავირუსით მძიმედ დაზარალებულ ქვეყანაში. წინა მთავრობა, რომელსაც ჯუზეპე კონტე ხელმძღვანელობდა, დაიშალა პანდემიის შედეგების გადალახვის მიზნით ევროკავშირის დაფინანსების დახარჯვის შესახებ კოალიციურ პარტნიორთან შექმნილი უთანხმოების შედეგად.

დრაგიმ და მისი კაბინეტის მინისტრებმა ფიცი დადეს საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტ სერჯო მატარელას წინაშე. დრაგის ახალი მთავრობა მოიცავს ფართო კოალიციის წარმომადგენლებს, რაც, თეორიულად, მას მისცემს პარლამენტში ფართო უმრავლესობის მოპოვების საშუალებას. მთავრობის შემადგენლობას ჯერ კიდევ ესაჭიროება დამტკიცება პარლამენტის ორივე პალატაში.

დრაგიმ ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა რომში პარტიების წარმომადგენლებთან და მოულოდნელი მხარდაჭერა მოიპოვა როგორც კონტეს მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის, ისე მემარჯვენე, კონსერვატიული ოპოზიციისგან. იტალიის მედიაში საუბრობდნენ, რომ ევროკავშირისგან დახმარების სახით 200 მილიარდ ევროზე მეტის მიღების პერსპექტივამ მემარჯვენე ლიგის ლიდერი, ევროსკეპტიკოსი მატეო სალვინი, პრაქტიულად ერთ ღამეში გადააქცია ევროპის მგზნებარე მომხრედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG