Accessibility links

site logo site logo

ილიას ზუროსმა დაასახელა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა


19-21 თებერვალს თბილისში, კალათბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შეხვედრები გაიმართეება. E ჯგუფის ლიდერი საქართველოს ნაკრები, რომელსაც აქამდე ჩატარებული ოთხი თამაშიდან ოთხივე მოგებული აქვს, სერბეთს და ფინეთს უმასპინძლებს. თბილისშივე შედგება სერბეთი-შვეიცარიისა და ფინეთი-შვეიცარიის მატჩებიც.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა თექვსმეტკაციანი შემადგენლობა, რომელსაც მომავალი თამაშებისთვის მოამზადებს. ტრავმებისა და სხვა მიზეზთა გამო, ამჯერად ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი ცინცაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ზუროსმა განაცხადში საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ცხრა კალათბურთელი შეიყვანა. შემადგენლობაშია ორი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელიც – გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თად მაკფადენი და დებიუტანტი კონერ მაიკლ ფრენკამპი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ორი დღის წინ მიიღო.

საქართველოს, სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები 15 თებერვლიდან, სასტუმრო „თბილისი მერიოტში”, იზოლაციაში იცხოვრებენ. დელეგაციების წევრებს პერიოდულად ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები. პარალელურად კი, ოთხივე ნაკრები სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. თამაშები იმავე სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ქართველ კალათბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგებაც ჰყოფნით. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში კი შესარჩევი ციკლის გარეშეც განაღდებული აქვთ, რადგან 2022 წელს, ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება.

საქართველოს ნაკრები მომავალი თამაშებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება: დუდა სანაძე („ბორაცი“, სერბეთი), თად მაკფადენი („ბურგოსი“, ესპანეთი), კონერ მაიკლ ფრანკამპი („მურსია“, ესპანეთი), ლუკა ზაქრაძე („თსუ“, საქართველო), გივი ბაქრაძე („ვერა“, საქართველო), მერაბ ბოქოლიშვილი („რუსთავი“, საქართველო), საბა ლობჯანიძე („თსუ“, საქართველო), ბექა ბურჯანაძე („გრან კანარია“, ესპანეთი), მიხეილ ბერიშვილი („ალ შამალი“, ყატარი), ალექსანდრე ფევაძე („ცხუმ-აფხაზეთი“, საქართველო), ბექა ბექაური („ბათუმი“, საქართველო), გიორგი კორსანტია („კაენი“, საფრანგეთი), ილია ლონდარიძე („ქუთაისი“, საქართველო), კახაბერ ჯინჭარაძე („ოლიმპი“, საქართველო), გიორგი შერმადინი („ტენერიფე“, ესპანეთი), გიორგი თვალაბეიშვილი („რუსთავი“, საქართველო).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG