Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს სამი დიდი ქალაქის სკოლები საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდნენ


დღეიდან, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებშიც. ორი კვირით ადრე სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და თელავის სკოლებში. სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, არაერთი სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დამცავი ნიღბის ტარება აუცილებელი გახდა V-XII კლასის მოსწავლეებისთვისაც. მანამდე ეს ვალდებულება პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჰქონდათ. სკოლებში აუცილებელია თერმოსკრინინგი და დეზობარიერის გავლა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადის ტარება, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილების უფლება აქვს. საამისოდ მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

თებერვლის დასაწყისიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ტესტირებული 46 300 პედაგოგიდან და ადმინისტრაციის თანამშრომლიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 0.5%-ს.

სწავლების საკლასო ოთახებში განახლების მიუხედავად, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის. გარდა ამისა, რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურად გასაგრძელებლად.

სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე, თუ მთლიანად სკოლა.

საქართველოში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ 2020 წლის გაზაფხულიდან. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში ეტაპობივად განახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG