Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩეულმა, რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ საკონსტიტიციო სასამართლოს მიმართა. კორძაია ასაჩივრებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე.

„ეს იყო უარი ჩემი თავისუფალი ნების აღსრულებაზე, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, მე სამართლებრივი მექანიზმებით ვებრძვი იმ ძალადობრივ პარტიას და ხელისუფლებას, რომელიც თრგუნავს ჩემს თავისუფლებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 90 მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და 60 საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

პარლამენტში საქმიანობას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია და "მოქალაქეებიდან" არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG