Accessibility links

site logo site logo

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებმა


კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფის მომხრეებმა. „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“ 33 მანდატს იღებენ. პარტია „კატალონიასთან ერთად“, რომელსაც სათავეში უდგას რეგიონის ყოფილი ლიდერი, 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ მიმალვაში მყოფი კარლეს პუჩდემონი, 32 მანდატს აგროვებს. 135-ადგილიან პარლამენტში პარტიას „კანდიდატები ეროვნული ერთიანობისთვის“ 9 მანდატი ექნება. კატალონიის სოციალისტური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს ერთიანობას, რეგიონულ პარლამენტში 33 მანდატს აგროვებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო (53%).

გამოყოფის მომხრე ყველა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც ივალდებულეს, არ შევიდნენ სამთავრობო კოალიციაში სოციალისტებთან და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა. ამჟამინდელ არჩევნებს კატალონიის სეპარატისტული პარტიების გამოცდად მიიჩნევენ.

2017 წელს სეპარატისტებმა პუჩდემონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს რეფერენდუმი. 90%-მა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. მადრიდმა არ ცნო რეფერენდუმის შედეგები, პუჩდემონზე ძებნაა გამოცხადებული. ცხრა ადამიანს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG