Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II მეუფე პეტრეზე: კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება


"თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს", -
თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგებისას.

"ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ", - მოუწოდა პატრიარქმა ეკლესიაში მყოფებს.

2021 წლის 11 თებერვალს ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინებაში, რომელიც სხდომიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა, ეპისკოპოს პეტრე ცაავაზე ნათქვამია, რომ ის "სამწუხაროდ, ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას".

წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას შესახებ გადაწყვიტა, რომ შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მის ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას. სინოდის სხდომამდე ეპისკოპოსი ნიკოლოზი მედიასთან ამბობდა, რომ პეტრემ მართალია შესცოდა, მაგრამ ამის გამო უკვე სასჯელიც მოიხადა და სინოდს შეეძლო მისთვის დაკისრებული სასჯელის მოხსნა. თავად პეტრე ცაავა საეკლესიო სასამართლოს ითხოვს იმ ბრალდებების დასამტკიცებლად, რაც მან პატრიარქის მიმართ გამოთქვა.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე გადააყენეს მღვდელმთავრობიდან მას შემდეგ, რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, სადაც არ წასულა.

11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გრიგოლ კაციამ ითხოვა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლება, რაც დააკმაყოფილეს და ის წალკის ეპარქიის მმართველად გაამწესეს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამავდროულად ითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG