Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ახალი დოკუმენტი ჩეჩნეთში დაკავებულების სიკვდილით დასჯის შესახებ


რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი

მოსკოვში განთავსებულმა გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" 15 თებერვალს გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც, გაზეთის თქმით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იმ პირებიდან ბევრი, რომლებიც ჩეჩნეთში 2017 წელს სასამართლოს მიღმა დასაჯეს სიკვდილით, ადგილობრივი პოლიციის მიერ იყო დაკავებული.

"ნოვაია გაზეტა" 2017 წელს წერდა, რომ იმ წლის იანვრის ბოლოს სპონტანურად დასაჯეს სიკვდილით 27 დაკავებული პირი.

ჩეჩნეთის მთავრობა უარყოფს ცნობას, რომ ეს პირები დაკავებულნი იყვნენ, საგამოძიებო კომიტეტმა კი უარყო გაზეთის თხოვნა ამ ცნობების გარშემო გამოძიების დაწყების თაობაზე.

ჩეჩნეთის რეგიონს აკონტროლებს კრემლის მიერ მხარდაჭერილი, ავტორიტარი რამზან კადიროვი. მის უსაფრთხოების ძალებს წლებია ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში - მათ შორის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

"ნოვაია გაზეტას" მოაქვს დოკუმენტი, რომელიც, გამოცემის თქმით, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იქნა მოპოვებული და წერს, 27 პირი სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში გროზნოში პოლიციელებზე განხორციელდა თავდასხმა.

2017 წლის აპრილში "ნოვაია გაზეტამ" საგამოძიებო კომიტეტს ოფიციალურად გადასცა 27 პირის და კიდევ სამი კაცის სახელების სია. გამოცემის თქმით, ეს სამი მამაკაცი ჩეჩნეთის პოლიციამ დახოცა რეგიონში 2017 წლის თებერვალში გეების წინააღმდეგ ჩატარებული კამპანიის ფარგლებში.

გამომძიებლებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ სიიდან ოთხი პირი გარდაცვლილი იყო, ორზე კი თქვეს, რომ ცოცხლები იყვნენ.

თუმცა, "ნოვაია გაზეტა" ახალ საგამოძიებო ანგარიშში ამბობს, რომ ეს ორი პირი და კიდევ ორი, სიკვდილით დასჯილი მამაკაცი - მოხმა მუსკიევი და შამხან იუსუპოვი - ძმები იყვნენ.

გაზეთი ასევე წერს, რომ ჩეჩნეთში 2017 წლის იანვარში დაკავებულთაგან რამდენიმე კაცი აიძულეს "'ისლამური სახელმწიფოს [ექსტრემისტული ჯგუფის] მიმართ ერთგულების ფიცი დაედოთ" კამერების წინ - შემდეგ კი ამ ჯგუფის დაგმობა უბრძანეს.

გაზეთი ვარაუდობს, რომ ეს ვიდეოკადრები შემდგომში ამ კაცების ტერორისტებად გამოსაცხადებლად გამოიყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG