Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას ადვოკატები საკომიტეტო განხილვას ვერ ესწრებიან


პარლამენტში მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც განიხილება გენერალური პროკურორის მიმართვა. პროკურატურა პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე.

პროკურატურის არგუმენტები დეპუტატებს წარუდგინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა.

სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები, თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მიზეზის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვა დასვა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და ამასთან, პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს და ამით სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას.

ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის მელიას მიმართა, თუ შეკითხვები აქვთ, საბოტაჟი შეწყვიტონ და პარლამენტში სხდომებს დაესწრონ.

ლევან იოსელიანის შეფასებით, ნიკა მელიას წარმომადგენლებს კომიტეტების სხდომაზე დასწრების საშუალება უნდა ჰქონოდათ: „როდესაც ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, ჩვენ თუ მოვუხსნით იმუნიტეტს და თქვენც განზრახული გაქვთ ეს, ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ და ამით არაფერი დრამატული პროცედურული დარღვევა არ იქნებოდა".

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG