Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას ადვოკატი: პარლამენტმა თავი აარიდა უხერხულ კითხვებს და არ შეგვიშვა სხდომაზე


პარლამენტში მიმდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე არ შეუშვეს ნიკა მელიას ადვოკატები, სადაც განიხილება გენერალური პროკურორის წინადადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე.

მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ამ გზით, პარლამენტმა თავი აარიდა იმ უხერხულ კითხვებს, რომლებიც ადვოკატებს კომიტეტის სხდომაზე უნდა დაესვათ. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ადვოკატებს არ მიეცათ უფლება დასწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას, კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მანიპულირებს ხელისუფლება და როგორ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე:

„ჩვენ, ნიკა მელიას ადვოკატებს, სრული უფლება გვაქვს დავესწროთ კომიტეტის სხდომას და დავსვათ ის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც უნდა გაიგონ პარლამენტის წევრებმა და საზოგადოებამ. მთავარი შეკითხვა გვაქვს, თუ რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყო პატიმრობის ღონისძიება. დაპატიმრების გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ სახეზე გვქონდეს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურება. რომელი ეს ქმედება ჩაიდინა ნიკა მელიამ ორი წლის განმავლობაში? საქართველოს პარლამენტში თავი აარიდეს უხერხულ კითხვებს და ამიტომ არ შეგვიშვეს სხდომაზე. ეს არის კითხვები გირაოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ლაპარაკობენ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. გირაოზე გირაოს გადახდა ეს არის ფორმალობა და ზოგადად, ყველა შეზღუდვა ნიკა მელიას საქმეზე იყო ფორმალობა. ამაზე ორი წლის განმავლობაში ყველას თვალი ჰქონდა დახუჭული და მხოლოდ მაშინ ააქტიურებდნენ საკითხს, როდესაც ეს იყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და, ამასთან, პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს და ამით სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა წინადადების პარლამენტისთვის წარდგენა, ეს არის ნიკა მელიას უარი გირაოს გადახდაზე: „სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს. ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკა მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება".

კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG