Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტმა ნიკა მელიას საქმეზე უნდა აჩვენოს, რომ ის პროკურატურის გაგრძელება არ არის


ლევან იოსელაინი
ლევან იოსელაინი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის თქმით, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობა არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ის საპატიმროში მოხვდეს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ნიკა მელია იმყოფება გარეთ, მას არ მოუხდენია არც მოწმეებზე ზეწოლა, არ ჰქონია მცდელობა მიმალვოდა გამოძიებას, არ ჰქონია მცდელობა გაენადგურებინა მტკიცებულებები, რაც არის პატიმრობის შეფარდების წინაპირობა. აქედან გამომდინარე პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და კარგად დაფიქრდეს, სანამ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასურველია, პარლამენტმა პროკურატურას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნაზე უარი უთხრას და თავისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა აჩვენოს:

„პარლამენტმა არ უნდა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ ის არის პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტმა უნდა აჩვენოს თავისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა დღეს და უთხრას უარი პროკურატურას იმუნიტეტის მოხსნაზე“.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით. საკითხი დღესვე გავა პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG