Accessibility links

logo-print logo-print

მელია: ალეკო, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან


„ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მზადაა თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

16 თებერვალს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოს თანხა თავისი ხელფასიდან გადაურიცხოს.

„არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის, ვინც არ უნდა იყოს, იმუნიტეტის შეჩერება. რაც შეეხება ნიკას, მე მომმართა და ეთერში თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო და ახლა კიდე დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილადო, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია, ორჯერ 30 ათასი ლარი არავის არ აქვს. მე არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მე ხელფასი არ ჩამრიცხვია ჯერ, მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო. არც ვიცი რამდენია, მაგრამ მე ადამიანურად მზად ვარ”.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით.

დეპუტატების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

კენჭისყრამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს, ამირან გულუაშვილს ჰკითხა, დღევანდელი მდგომარეობით ხომ არ არის გადახდილი გირაოს თანხა ნიკა მელიას ან სხვა პირების მიერ, რაზეც პროკურორისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

კომიტეტების თანხმობის შემდეგ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG