Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის მოზარდის მარტო დატოვება, ყველას მარცხია - მიხეილ სარჯველაძე


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ტრიბუნიდან ეხმაურება 9 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს და ამბობს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა ყველას მარცხია. მისი თქმით, ამ ფაქტზე ლაპარაკისას, არავის აქვს თავის მართლების მორალური უფლება:

„არნახული და ენით აუწერელი ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც არსად და არასდროს უნდა ხდებოდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ახლობლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი ამ ბავშვს ბევრი არ აღმოაჩნდა და საკუთარი პრობლემის წინაშე ის სრულიად მარტო აღმოჩნდა, რაც არის ყველას მარცხი. საუბედუროდ, ამ ფაქტზე საუბრისას, არავინ გვაქვს თავის მართლების მორალური უფლება, ასევე არ გვაქვს ამ თემით სპეკულირების უფლება. ეს ორივე უზარმაზარი ამორალობა იქნებოდა. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ყველამ დავხაროთ თავები, გავისიგრძეგანოთ ამ უმწარესი გაკვეთილის მთელი დრამატიზმი და ყველამ, აქ ვგულისხმობ სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას თუ უბრალოდ საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არასდროს განმეორდეს. ყველას კარგად გვახსოვდეს, რომ ვერცერთი პოლიტიკური საკითხი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მისი აქტუალურობა და პრიორიტეტულობა, თავის მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა იმ ტრაგედიის მასშტაბთან, რასაც ერთი ბავშვის ტრაგედია წარმოადგენს“.

9 თებერვალს, 14 წლის მოზარდი, ბაბუამ საკუთარ სახლთან გარდაცვლილი ნახა. გოგოს გარდაცვალების საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთი ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელმაც მოზარდზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას, 115-ე მუხლსაც ედავება. საქმეზე მეორე ბრალდებული 76 წლის კაცი, მოზარდის ბაბუაა. მას ბრალად წაყენებული აქვს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ მუქარა და ძალადობა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოზარდის დის ადვოკატის თქმით, მოზარდის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს.

ამავე თემაზე: 14 წლის ნინის საქმის 7 ხარვეზი - რა წერია საქმის მასალებში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG