Accessibility links

site logo site logo

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მოითხოვს 14 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების გამოძიებას


14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მოითხოვს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას.

როგორც სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში ვკითხულობთ, მომხდარმა ფაქტმა გამოააშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი აცხადებს, რომ აუცილებელია, მართლმსაჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ:

„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას. საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი. გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

9 თებერვალს, 14 წლის მოზარდი, ბაბუამ საკუთარ სახლთან გარდაცვლილი ნახა. გოგოს გარდაცვალების საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთი ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელმაც მოზარდზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას, 115-ე მუხლსაც ედავება.

მეორე ბრალდებული 76 წლის კაცი, მოზარდის ბაბუაა. მას ბრალად წაყენებული აქვს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოზარდის დის ადვოკატის თქმით, მოზარდის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს.

ამავე თემაზე: 14 წლის ნინის საქმის 7 ხარვეზი - რა წერია საქმის მასალებში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG