Accessibility links

logo-print logo-print

TI მოუწოდებს პარლამენტს, არ დათანხმდეს მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება პარლამენტის მსჯელობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე და აცხადებს, რომ ეს ფაქტი გზას გაუხსნის ხელისუფლებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას საქმე არ უნდა შეფასდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. მათი განცხადებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა კი დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას:

„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემური ხარვეზები გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას“.

ამ წუთებში, პარლამენტში მიმდინარეობს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მსჯელობა.

16 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით.

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

კენჭისყრამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს, ამირან გულუაშვილს ჰკითხა, დღევანდელი მდგომარეობით ხომ არ არის გადახდილი გირაოს თანხა ნიკა მელიას ან სხვა პირების მიერ, რაზეც პროკურორისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG