Accessibility links

site logo site logo

პოლ უილენის ადვოკატის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლაზე


მარცხნიდან: პოლ უილენი, ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკო.

აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილენის რუსმა ადვოკატმა Reuters-ის მოსკოველ კორესპონდენტს განუცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პატიმართა შესაძლო გაცვლის შესახებ. ვლადიმირ ჟერებიონკოვის თქმით, მოლაპარაკებები ამერიკის მხარის ინიციატივით დაიწყო ხელისუფლებაში ჯო ბაიდენის მთავრობის მოსვლის შემდეგ.

პოლ უილენი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მოსკოვში, რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პატიმრობის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. უილენი დანაშაულს არ აღიარებს. აშშ-მა არაერთხელ მოითხოვა მისი გათავისუფლება.

რუსი ადვოკატის თანახმად, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს ორ-სამ თვეში დასრულდეს პატიმრების გაცვლით. ჟერებიონკოვმა არ იცის, ეხება თუ არა მოლაპარაკებები აშშ-ის მოქალაქე ტრევორ რიდს, რომელიც ივლისში დააკავეს რუსეთში. მას ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა „პოლიციელზე თავდასხმისთვის“. ვაშინგტონში რიდის საქმეს „აბსურდის თეატრს“ უწოდებენ.

ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებიონკოვმა თქვა, რომ მოსკოვში მსჯელობენ აშშ-ის მოქალაქეებზე გაცვლის შესაძლო კანდიდატების შესახებ. ადვოკატმა ახსენა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკო, რომელიც „კოკაინის კონტრაბანდის თაობაზე გარიგებისთვის“ გაასამართლეს.

ადვოკატმა ალექსეი ტარასოვმა, რომელიც ვიქტორ ბუტისა და კონსტანტინ იაროშენკოს ინტერესებს იცავს, ტასს-ს უთხრა, რომ მისთვის არ არის ცნობილი რუსეთის მოქალაქეების პოლ უილენზე შესაძლო გაცვლის თაობაზე მოლაპარაკების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG