Accessibility links

site logo site logo

პანდემიამ ლგბტ+ თემს ბევრგან შეუქმნა პრობლემები, მათ შორის საქართველოში - უფლებადამცველების მოხსენება


„ILGA-ევროპამ“, რომელიც ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე 600-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს თემის წარმომადგენლებს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა.

ორგანიზაცია ევროპისა და აზიის 54 ქვეყნის ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მკვეთრად გაიზარდა ძალადობა ლგბტ+ ადამიანების მიმართ. პანდემიამ ბევრი მათგანი იძულებული გახადა, დაბრუნებულიყვნენ მტრულ გარემოში. ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიზარდა პოლიტიკოსთა რაოდენობა, რომლებიც ვერბალურად თავს ესხმიან თემის წარმომადგენლებს - მათ შორის, ბულგარეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ფინეთში, იტალიაში, ლატვიაში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.

საქართველოს ვითარების აღწერისას ხაზგასმულია, რომ პანდემიამ თემის ბევრ წარმომადგენელს ელემენტარული საჭიროებების - საკვებისა და თავშესაფრის პრობლემები შეუქმნა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 24 აპრილის ანტიკრიზისულ გეგმაში არაფერია ნათქვამი ლგბტ+ ადამიანების საჭიროებებზე.

სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში მათი დახმარება აქტივისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იტვირთეს, რომლებმაც ყველაზე უფრო დაუცველებისათვის ფული შეაგროვეს.

„ILGA-ევროპა“ წერს, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შემწეობის ერთჯერადი პაკეტი მიიღეს სახელმწიფოსგან, რომელშიც საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები შედიოდა. UNDP-მ კი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ლგბტ+ ადამიანებისათვის დახმარებას გამოყოფდა. დახმარების მსურველებს აპლიკაცია უნდა შეევსოთ, რომელსაც ადგილობრივი ექსპერტები განიხილავდნენ და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.

მოხსენებაში ცალკეა აღნიშნული ქართველი ტრანსგენდერების პრობლემები. ბევრი მათგანი ოჯახმა უარყო, ამიტომ ისინი არსად არიან რეგისტრირებული. ამას ემატება ისიც, რომ ბევრ მათგანს ოფიციალური სამსახური არასდროს ჰქონია და ეს ორი მოცემულობა ძალიან აძნელებს ნებისმიერი სახის ოფიციალური დახმარების მიღებას.

„ILGA-ევროპა“ წერს, რომ ტრანსგენდერთა უფლებების მხრივ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეინიშნება უკუსვლა, მათ შორის - ავსტრიაში, ხორვატიაში, ფინეთში, უნგრეთში, ლიეტუვასა და სლოვენიაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კი განსაკუთრებული წინააღმდეგობა ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ უნგრეთსა და პოლონეთში არსებობს, თუმცა შიშობენ, რომ ვარშავისა და ბუდაპეშტის ნაბიჯებს შეიძლება ჩეხეთმა და სლოვენიამაც მიბაძონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG